უამრავ გაცვლით სტუდენტს ვიცნობ და თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ ის ქალაქი და უნივერსიტეტია საუკეთესო, რომელშიც თავად იმყოფებოდა. მე კი დღემდე მჯერა, რომ ტარტუ მართლაც საუკეთესოა. ამისათვის მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი მაქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის მინდოდა, ESN(Erasmus Student Network)-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მომეშველიებინა, რომლის მიხედვითაც ერთი-ორი წლის წინ გაცვლითი სტუდენტებისთვის ყველაზე საყვარელ და მეგობრულ ქალაქად ტარტუ დასახელდა. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ვერაფრით ვერ მოვიძიე, ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ 🙂
დავიწყოთ თავიდან – ახლა 20, 30 ადგილია თსუ-ში გაცვლითი სტუდენტებისთვის, 2009-10 სასწავლო წელს კი მხოლოდ სამ ადგილზე გამოცხადდა კონკურსი – ორი ლატვიის უნივერსიტეტში, ერთი კი – ტარტუში. ამ დროს მე 17 წლის მეორეკურსელი ღლაპი ვიყავი (არ ვაჭარბებ, ზოგი 17 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ადამიანია, მე კი მართლა ღლაპი ვიყავი). თუნდაც ამის გამო არ მქონდა გამარჯვების იმედი. მხოლოდ იმიტომ ვცადე ბედი, რომ მომდევნო კონკურსისთვის მცირე გამოცდილება მაინც შემეძინა. ფაქტი ისაა, რომ მრავალ ჩემზე ბევრად გამოცდილ, უფროს და ძალიან კარგ სტუდენტს ვაჯობე და ასე დავადექი ესტონეთის გზას.
სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთის თუ სხვა ქვეყნების საკონსულოებმა გააწამეს და საბუთებზე წინ და უკან არბენინეს, მე არანაირი პრობლემა არ შემქმნია. კონსულმა ერთადერთი კითხვა დამისვა – ყინვის არ გეშინიაო? მართლაც, 2009-10 წლის ზამთარი გამსაკუთრებულად ცივი იყო ბალტიისპირეთში. თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველ დღეს კომბოსტოსავით ჩაფუთნული გავედი ქუჩაში და ლამის გავიგუდე, მივხვდი, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა – ტარტუში სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი თითქმის ყველა დაწესებულება იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ სანამ A პუნქტიდან B პუნქტში მიხვალ, სიცივით ნამდვილად არ მოკვდები.
გაცვლითი პროგრამა ტარტუში ორი უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო:
ა) ჩემგან დამოუკიდებელი: ნისლის გამო ფრენა გადაიდო. ამის გამო ერთი დღით დამაგვიანდა საორიენტაციო შეხვედრებზე და გამოვტოვე უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ე.წ. Pub crawl, რომელიც ესტონელ ტუტორთან და ახალგაცნობილი უცხოელი სტუდენტების ჯგუფთან ერთად ქალაქის ყველაზე ცნობილი პაბების მოვლას და თითოეულში თითო კათხა ლუდის დალევას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, ეს დანაკლისი მთელი სემესტრის მანძილზე იოლად ავინაზღაურე და არა მარტო ლუდის, არამედ ყველანაირი ალკოჰოლური სასმლის გეგმას გადავაჭარბე.
ბ) ჩემი სისულელით გამოწვეული: დავდგი რა ფეხი ევროკავშირის მიწაზე, ჩავთვალე, რომ არა თუ აქ, არამედ საქართველოშიც კი აღარავინ იპარავდა მობილურ ტელეფონებს და კლუბ”ტალინში“ ცეკვის დროს სულ 5 წუთით დავტოვე ჩანთა უმეთვალყურეოდ. შედეგად, ამომაცალეს ტელეფონი და ციფრული ფოტოაპარატი.
საბედნიეროდ, სხვა არაფერი სერიოზული ცუდი არ მომხდარა ჩემი ტარტუში ყოფნის დროს.
ახალჩასული სტუდენტები ლამაზ და თანამედროვე ბიბლიოთეკის შენობაში შეგვკრიბეს და სხვადასხვა საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდეს. პირველი გაფრთხილება თუ მითითება, რაც ამ ქვეყანაში მივიღეთ, იყო შემდეგი: „Don’t have sex on the bridge!” ლამაზი, ქერა პოლიციელი გოგონას ნათქვამი ეს ფრაზა სასაცილოდ არ გვეყო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გაფრთხილება არც თუ ისე უსაფუძვლო ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ტარტუში არის საკულტო ნაგებობა, მდინარე ემაიოგიზე გადებული თაღოვანი ხიდი. ამ ხიდის თაღზე ყველა სტუდენტი ერთხელ მაინც გადადის ფეხით, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია. ვიღაც თავზეხელაღებულები კი ზედ სექსსაც არ ერიდებიან, რაც ძალიან საშიშია თაღის სივიწროვიდან გამომდინარე:
გარდა ხიდისა, ტარტუს სიმბოლოა შადრევანი ქალაქის ცენტრში, ქოლგის ქვეშ მდგარი სტუდენტების ქანდაკებით, ე.წ. Kissing Students:
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი ტარტუში პიროგოვის სახელობის პარკი იყო – ეს იმ მცირე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილთაგანია, სადაც ალკოჰოლის მიღება დაშვებულია. თავისუფალ დროს ხშირად მოვდიოდი აქ, ხალხს ვაკვირდებოდი და მაგრად ვხალისობდი. ერთხელ ვნახე, როგორ მოვარდა პოლიციის ოთხი ეკიპაჟი ერთი საწყალი ლოთის განყოფილებაში წასათრევად, რომელიც ისე ბარბაცებდა, მეც კი ჩავტენიდი მანქანაში, მაგრამ ტარტუს პოლიცია, ცოტა არ იყოს, მოცლილია 🙂 ერთხელ კიდევ იროკეზიან პანკებთან ერთად იჯდა კაშკაშა იასამნისფერ ანაფორაში გამოწყობილი რუსი მღვდელი. ყველანი ძალიან მთვრალები იყვნენ. პანკები გიტარაზე უკრავდნენ, მღვდელი კი მთელი გრძნობით მღეროდა „ეხ რაზ, იშო რაზ“-ს. ახლა რომ კითხულობთ, ხომ არაფერი, მაგრამ „იქ უნდა ყოფილიყავით“ :)) ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო.
როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრ გაცვლით სტუდენტს ვიცნობ და მათგან საერთო საცხოვრებლებზეც მაქვს გარკვეული ინფორმაცია. ვიცი, რომ ვილნიუსის „საულეტეკიო“ ზოგი ფაკულტეტის შენობისგან შორსაა და სტუდენტების ნაწილს ავტობუსით ნახევარი ქალაქის გავლა უწევს, სლოვაკური „შტურაკი“ კი ასევე გაცვლითმა სტუდენტმა შოთა გელოვანმა ჩერნობილის კორპუსს შეადარა (აქ). ამ მხრივ ტარტუს „რაატუსე 22“ ჩემპიონია თავისი ინფრასტრუქტურით, მოსახერხებელი ადგილმდებარეობით თუ დიზაინით. ალბათ ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ საერთო საცხოვრებელს აქვს (ყოველ შემთხვევაში, 2009-10 წლებში ასე იყო), ისაა, რომ უფასო Wi-Fi მხოლოდ პირველ სართულზეა. არც ამაზე დავიწუწუნებდი, ესტონეთი ის ქვეყანა რომ არ იყოს, სადაც უფასო Wi-Fi უსიერ ტყეშიც კი შეიძლება დაიჭირო ადამიანმა.
„რაატუსე 22“ 6-სართულიანია და თითო სართულზე 24-მდე „ბოქსია“ განლაგებული. თითო ბოქსში, სტანდარტულად, სამი 2-ადგილიანი ოთახია თავისი ლამაზი, წითელი სამზარეულოთი და აბაზანა-ტუალეტით. რაატუსეს სამზარეულოები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოსახერხებელი ადგილია საღამოობით უცხოელ მეგობრებთან ერთად ვახშამზე შესაკრებად თუ უბრალოდ დასალევად, სასაუბროდ, გიტარაზე დასაკრავად(ღამის 11 საათის შედეგ ისე, რომ სხვები არ გააღვიძო) თუ სხვადასხვა მხიარული თამაშებისთვის. ალბათ ერთადერთ გამონაკლისს ჩემი ბოქსის სამზარეულო წარმოადგენდა, რადგან ორი არანორმალური მეზობელი მყავდა, ამერიკელი მეგანი და ბასკი ითცი, რომელთა მსგავსი ბინძური, უწესრიგო და ლოთი გოგოები მე ცხოვრებაში არ შემხვედრია. მათ გამო ჩვენი სამზარეულო ყოველთვის ბოთლებით და ნაგვით სავსე და გაუბედურებული იყო, თუმცა ოთახი მაინც არ გავცვალე, რადგან ერთთვიანი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა დამეზარა. თანაც, სამზარეულოში ტრიალი ისედაც არ მეხერხება და ძირითადად ან გარეთ ვიკვებებოდი, ან ჩემი უსაყვარლესი ჩინელი მეგობარი, რენი მეპატიჟებოდა ნაირ-ნაირ კერძებზე.
ესტონელები ძალიან ჩაკეტილი ხალხია და იქ ყოფნის მანძილზე ერთადერთ ესტონელს დავუახლოვდი, რასაც ვერ ვიტყვი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე. ტარტუდან დაბრუნებულს დაახლოებით 100-მდე ახალი მეგობარი მყავდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სიტყვა „მეგობარი“ პირობითია. უკვე 4 წელი გავიდა და მათგან შემომრჩა 5-6 უახლოესი ადამიანი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველა მათგანი ყოფილი სსრკ-ს და სოციალისტური ბლოკის ქვეყნებიდან (ლიტვა, მოლდავეთი, უკრაინა და ბულგარეთი), რომლებთანაც დღემდე უცვლელი, განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა მაქვს. ზოგი მათგანი უკვე მესტუმრა საქართველოში, ზოგს კი, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ვნახავ.
სწავლების დონე ტარტუში ძალიან მაღალია და არ მინდა, ამაზე ბევრი ვისაუბრო, რადგან სიტყვა ისედაც გამიგრძელდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალები მასწავლიდნენ ძალიან საინტერესო საგნებს და იქ მიღებული ცოდნა ალბათ კიდევ კარგა ხანს გამყვება.
ერთადერთ რამეს ვნანობ: ესტონური ენის კურსები არ ავიღე და მხოლოდ მაღაზიაში საურთიერთობო დონეზე ვისწავლე ეს საყვარელი, ჩიტების ჭიკჭიკის მსგავსი ენა. დიდი ეჭვი მაქვს, ამ ნაკლებად გავრცელებულ ფინო-უნგრულ ენას ვერაფერშიც ვერ გამოვიყენებდი, მაგრამ ჩემს ლინგვისტურ ცნობისმოყვარეობას მაინც დავიკმაყოფილებდი გარკვეულ დონეზე. ცხადია, ჩასვლიდან პირველივე დღეს დავამხეცე ისეთი საბაზისო ფრაზები, როგორებიცაა tere (გამარჯობა), aitah (გმადლობთ), terviseks (გაგვიმარჯოს) და kaksteist kuud (თორმეტი თვე (თავისთავად, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ფრაზა არაა, მაგრამ ისევე ჟღერს, როგორც cock tastes good და ამაზე უკლებლივ ყველა უცხოელი ძალიან ერთობა :D)
უამრავი მიზეზი მაქვს, რატომ უნდა მიყვარდეს ტარტუ და რატომ უნდა ვიხსენებდე იქ გატარებულ დროს ტკბილად, დაწყებული არაჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობით, უმაგრესი პაბებითა და გიჟური წვეულებებით, დამთავრებული მოგზაურობებით სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში, თუმცა გართობას დროებით გვერდზე გადავდებ და უმთავრესს გავუსვამ ხაზს:
ევროპაში გატარებულმა რამოდენიმე თვემ ჩემი აზროვნება და შეხედულებები გლობალურ თუ ლოკალურ თემებზე ცალსახად დადებითისკენ შეცვალა და შემოაბრუნა. მე ჯერ კიდევ იმ ასაკში ვიყავი, როცა რაღაც-რაღაცებს ჩემზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეეძლო (იხ. მე-2 აბზაცი ჩემი ღლაპობის შესახებ). საბედნიეროდ, სწორედ ამ პერიოდში მომიწია ტარტუში წასვლა. ასე რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა, მე დღეს არ მქონოდა ის ღირებულებები, რაც მაქვს; არ ვყოფილიყავი ისე ტოლერანტული, როგორიც ახლა ვარ. რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, არ მექნებოდა იქაური და აქაური ცხოვრების წესისა და დონის, სწავლების ხარისხის შედარებისა და პლიუსებისა და მინუსების დანახვის საშუალება. შეიძლება ითქვას, ტარტუმ ჩემს აზროვნებას მისცა მიმართულება. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში და ამიტომ მიხარია, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება გაცვლითი პროგრამების რაოდენობა თსუ-ში.
ტარტუში ერთი დაუწერელი კანონი არსებობს, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტი ტარტუელი სტუდენტი მაშინ ხარ, თუ შემდეგ სამ პუნქტს აკმაყოფილებ:
1) ერთხელ მაინც გადასულხარ თაღოვანი ხიდის თავზე;
2) ჩაჭრილხარ მინიმუმ ერთ საგანში;
3) გქონია სექსი ბიბლიოთეკაში.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე მხოლოდ ერთ პუნქტს ვაკმაყოფილებ (აბა, თუ გამოიცნობთ, რომელს), თუმცა სიამაყით ვაცხადებ, რომ მე ტარტუელი სტუდენტი ვარ.
იმდენი მოგონება ამომიტივტივდა ტარტუზე და ზოგადად ესტონეთზე, რომ ვორდის 20 გვერდს თავისუფლად გავავსებდი, თუმცა სჯობს, აქ დავასტოპო და დაგიტოვოთ Paha Polly-ს სიმღერა Ma Olen Tartu (მე ვარ ტარტუ) ^_^
by
ნინო დემურია